ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილს უწოდებს "აბსტრაქტულ მხარეს", რომელსაც ენმ უპირისპირდება.
"როდესაც აბსტრაქტულ მხარეს ირჩევ იმისთვის, რომ დაუპირისპირდე ადამიანს, რომელიც გასულია პოლიტიკიდან, ეს ბუნებრივია, ისევ და ისევ ოპოზიციის სისუსტეზე მეტყველებს. დღეს რადიკალური ოპოზიცია არის სუსტი, როგორც არასდროს". - თქვა მან.
ქართული ოცნების თავმჯდომარეს ჟურნალისტებმა ბიძინა ივანიშვილის და სანქციებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის აუდიო ჩანაწერზეც ჰკითხეს, რომელიც 25 აპრილს გავრცელდა. ჩანაწერში, ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას, თუ "მასაც აქვს ამის სურვილი".
ჩანაწერის ავტენტურობა ევტუშენკოვმა დაადასტურა და თქვა, რომ ივანიშვილს "დასვენებზე ესაუბრა".
ჩანაწერის მიხედვით, ივანიშვილმა ევტუშენკოვი და მისი წარმომადგენელი, ალი უზდენოვი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გადაამისამართა. მოგვიანებით ღარიბაშვილმა თქვა, რომ უზდენოვს არ შეხვედრია და ის, თავის მხრივ, ბიზნესსექტორთან შესახვედრად გაუშვა.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ჩანაწერებში "არაფერია არალეგიტიმური და ამორალური".
"ჩვეულებრივად საუბარია კომუნიკაციაზე 2 ადამიანს შორის. გამომდინარე იქიდან, რომ ბიძინა ივანიშვილს საკითხის გადაწყვეტა არ შეუძლია, თუ ავთენტურია ეს ჩანაწერი, ბუნებრივია, ამ ადამიანის გადამისამართება. ეს არის ძალიან მარტივი. შესაბამისად, ეს ჩანაწერი იმაზე მიანიშნებს, რომ ბიძინა ივანიშვილი დღეს არ არის პოლიტიკაში ჩართული". - ამბობს ირაკლი კობახიძე.
უკრაინის სადაზვერვო სამსახურმა ორჯერ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველო, შესაძლოა, რუსეთს დასავლეთის სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდეს.
24 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი კონტრაბანდის მარშრუტს საქართველოს ტერიტორიის გავლით აყალიბებს. ქართულმა მხარემ ეს ცნობა უარყო.
1-ლი მაისის ინფორმაციით კი, მოსკოვი მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე რეექსპორტის შესახებ. იგეგმება რუსული პროდუქციის წარმოება ქართული, სომხური და აზერბაიჯანული პროდუქციის საფარქვეშ და ექსპორტი მესამე ქვეყნებში.